დავით ქარდავა
მმართველი პარტნიორი
ჩემთვის წარმატება მუდმივი ბრძოლისა და განვითარების შედეგია. თუ დღეს უკეთესი ხარ ვიდრე გუშინ და მრავალი დაბრკოლებისა თუ გარშემომყოფთა სკეპტიციზმის მიუხედავად, მაინც აგრძელებ ბრძოლას, წარმატება გარდაუვალია!
მოგვიყევი ცოტაოდენი შენს შესახებ:
გერმანიაში სასწავლებლად წასვლა 22 წლისამ გადავწყვიტე, ამ პერიოდში საქართველოში საკმაოდ რთული ეკონომიკურ-პოლიტიკური ვითარება იყო და ევროპაში განათლების მისაღებად წასვლა დიდი პრივილეგია იყო. ყოველივე ეს კარგად მქონდა გააზრებული, შესაბამისად ვაკეთებდი ჩემ მაქსიმუმს დასახული მიზნების მისაღწევად. სწავლის პარალელურად მიწევდა როგორც მუშაობა, ასევე სხვადასხვა პროგრამებისა და სტაჟირებების გავლა, რათა პროფესიულ ზრდასთან ერთად, ფინანსური უზრუნველყოფაც მქონოდა.
ვფიქრობ, ცხოვრების ასეთი რიტმი ღირებულებების გადაფასების საშუალებას გვაძლევს და გვხდის კიდევ უფრო მიზანდასახულს.
2009 წელს დავამთავრე “University of Applied Sciences of Trier”-ის ბიზნეს ადმინისტრირების პროგრამა. მალევე დავიწყე საკონსულტაციო სფეროში მოღვაწეობა. ვმუშაობდი ისეთ კომპანიებში, როგორებიც არის: PwC, Rödl&Partner, con|energy Unternehmensberatung, c.con Management Beratung. საკონსულტაციო სფეროში მუშაობის პერიოდში, ვხელმძღვანელობდი მრავალ პროექტს, რომლის ფარგლებშიც გერმანიის, შვეიცარიისა და იტალიის კომპანიებს ვეხმარებოდი, როგორც ეფექტიანი ორგანიზაციული სტრუქტურის ჩამოყალიბებასა და საკვანძო ინდიკატორების (KPI), ასევე რისკის მენეჯმენტის სისტემების დანერგვაში. სწორედ ამ პერიოდში მივიღე გადაწყვეტილება დავბრუნებულიყავი საქარველოში და დაგროვილი ცოდნა გადამეცა ქართული კომპანიებისთვის.
რა დაგეხმარათ საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილების მიღებაში?
ყოველთვის მეკითხებოდნენ: – რატომ ბრუნდებით საქართველოში?! აქ თქვენს ცოდნასა და გამოცდილებას არავინ დააფასებს, არ გაიზიარებენ თქვენს ფასეულობებს, ხედვებსა და მიდგომებს!
ამ სკეპტიკურმა მიდგომამ კიდევ უფრო გამაძლიერა, გამიჩინა ინტერესი და მომცა უფრო მეტი მოტივაცია. შედეგად საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულმა, მარტივად მივიღე გერმანიიდან საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილება. დღეს, ვამაყობ ამ გადაწყვეტილებით და დღითი დღე ვრწმუნდები, რამდენად საჭირო საქმეს ემსახურება ჩვენი კომპანია.
რა არის სითიმის მთავარი მიზანი?
“C-team management consulting”-ის მთავარი მიზანი საქართველოში არსებული ორგანიზაციების მდგრადი განვითარების ხელშეწყობაა.
ჩვენ გვაქვს ამბიცია, დავაწესოთ ევროპული სტანდარტის მომსახურების ხარისხი საქართველოში. შესაბამისად გუნდის თითოეული წევრი მზად არის საუკეთესო შედეგის მისაღწევად დიდი ძალისხმევით ჩაებას ამ საქმიანობაში.
რა არის სითმის მთავარი ღირებულება და კონკურენტული უპირატესობა?
„სითიმის“ მთავარი ღირებულება არის პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებული გუნდი, რაც წარმოადგენს ჩვენი კომპანიის კონკურენტულ უპირატესობას. მიუხედავად ამისა, კვალიფიციური კადრების მოძიება საქართველოში ჩვენთვის უდიდეს გამოწვევად რჩება.
ვფიქრობ, ძალიან გამიმართლა, რადგან შევძელი გუნდის დაკომპლექტება ნამდვილი პროფესიონალებით, რომელთა ცოდნა და გამოცდილება საზღვარგარეთ აქვთ მიღებული. ჩვენი გუნდის თითოეული წევრი, გამოირჩევა როგორც მაღალი პროფესიონალიზმით და პასუხისმგებლობით, ასევე მოტივაციითა და კომპანიის ერთგულებით.
რას ნიშნავს იყო კარგი კონსულტანტი?
იყო კარგი კონსულტანტი, ნიშნავს მუდმივად ეძიო სიახლეები და იყო განვითარებაზე ორიენტირებული. ჩვენს პროფესიაში მუდმივად გვიწევს სწავლა და ახალი მასალის ათვისება. რადგან ეს სფერო მუდმივად მზარდია და სწრაფად ვითარდება, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენც, როგორც კონსულტანტები მივყვეთ განვითარების ამ ტემპს, არ ჩამოვრჩეთ და განვაგრძოთ მასთან ერთად სვლა. კარგი კონსულტანტი უნდა იყოს ცნობისმოყვარე, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული და შრომისმოყვარე. ყველაზე მნიშვნელოვანი, კი საქმის სიყვარულია, რადგან სხვაგვარად შეუძლებელია გაუძლო „კონსალტინგის“ წნეხს. სწორედ ასეთი მიდგომა დამეხმარა გერმანიაში წარმატების მიღწევაში და დღემდე ამ რჩევას ვაძლევ ყოველ ჩვენს ახალ თანამშრომელს. აღნიშნული პროფესია საკმაოდ სპეციფიკურია, ამიტომ, ვცდილობთ მაქსიმალურად სწრაფად შევაფასოთ ახალი კადრის პოტენციალი, რათა ჩვენი და კანდიდატის დრო ფუჭად არ დაიხარჯოს.