ნათია ჭინჭარაული
პროექტების დირექტორი
წარმატება ჩემთვის არის შესაძლებლობა ვაკეთო საქმე, რომელიც მიყვარს, როდესაც მუდმივად ვზრუნავ საკუთარი თავის განვითარებაზე და ამავდროულად ვეხმარები სხვებს თავიანთი საქმის წარმატებით განხორციელებაში.
მოგვიყევი ცოტაოდენი შენს შესახებ:
20 წლის ასაკში გადავწყვიტე შტატებში სასწავლებლად გამგზავრება, მიზნად დავისახე მიმეღო ცოდნა და გამოცდილება, რათა საქართველოში დაბრუნებისას ჩემი წვლილი შემეტანა ჩემი ქვეყნის განვითარებაში. 13 წლის მანძილზე ვიმუშავე ამერიკაში. ამ წლების განმავლობაში არაერთი წინაღობისა და სირთულის გადალახვა მომიწია. თითოეული დაბრკოლება და გამოწვევის გადალახვა კიდევ უფრო მაძლიერებდა და თავდაჯერებულობას მმატებდა, რადგანაც მჯეროდა, რომ დასახული მიზნებისკენ მივიწევდი. ამერიკაში მოღვაწეობისას ვიმუშავე ისეთ კომპანიებში როგორიც არის Wells “Fargo”, “Capital One Bank” და “Citibank”, სადაც დაკავებული მქონდა ძალიან საპასუხისმგებლო, მენეჯერის პოზიცები. რა თქმა უნდა ამ პოზიციებამდე გავიარე ყველა კარიერული საფეხური, რომლის გავლაც კიდევ უფრო რთულია ემიგრანტისთვის და მოითხოვს ორმაგ ძალისხმევას. მუშაობის პარალელურად, ვსწავლობდი ბიზნესის ადმინისტრირებას, “Argosy University”-ში, სადაც მაღალი აკადემიური მოსწრების შედეგად, ყოველწლიურად ვიყავი დეკანის სიაში (Dean’s list). უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კი დეკანის წარდგენით, ბიზნესის მართვისა და ადმინისტრირების, საერთაშორისო საპატიო საზოგადოების “Sigma Beta Delta Iinternational Honor Society“-ის წევრი გავხდი. საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილების მიღება საკმაოდ რთული აღმოჩნდა, თუმცა კარგად მქონდა გააზრებული, რომ კარიერული წინსვლის ყოველ ახალი საფეხურზე, უფრო გართულდებოდა ამ გადაწყვეტილების მიღება. რადგანაც საბოლოო მიზანი მიღებული გამოცდილების საქართველოში რეალიზებას წარმოადგენდა, 13 წლის შემდეგ გადავწყვიტე გადამედგა ეს უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი.
რას ნიშნავს შენთვის იყო სითიმის გუნდის წევრი?
ვიყო „სითიმის“ გუნდის წევრი, არის ჩემი დიდი ხნის დასახული მიზნის დაგვირგივინება, რადგან ჩვენი კომპანიის მისია და მიზნებიც, თანხვედრაში მოდის ჩემს მიზანთან და რაც მთავარია სწორედ ეს მიზანი გვაერთიანებს „სითიმის“ გუნდის ყველა წევრს.
რას გვეტყვი „სითიმის“ გუნდის შესახებ?
ჩვენი გუნდის შესახებ უსასრულოდ შემიძლია საუბარი. ჩემი კარიერის განმავლობაში, არაერთ უმსხვილეს კომპანიებში მიმუშავია, თუმცა, უკეთესი გუნდი არასოდეს მყოლია. თამამად შემიძლია ვთქვა: ჩვენი გუნდის ყველა წევრი არის მოტივირებული, მიზანდასახული და რაც მთავარია გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით. მათი დანახვა ყოველ დღე დადებითი ემოციებით მავსებს, რაც ჩემთვის დიდი სტიმულია. ჩვენ ერთმანეთს მუდამ ვუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას და ხელს ვუწყობთ ერთმანეთს მუდმივ განვითარებაში.
რითი გამოირჩევა“ სითიმის“ კორპორატიული კულტურა სხვა კომპანიებისგან?
ჩვენთან მეგობრული და ჰუმანური გარემოა. ნებისმიერ დროს თითოეული გუნდის წევრი მზად არის, დაეხმაროს კოლეგას. ჩვენ გვჯერა, რომ ყველა ვემსახურებით ერთ დიდ მიზანს და თითოეულ გუნდის წევრს აქვს საკუთარი როლი ამ საერთო მიზნის მიღწევაში. ჩვენი დღის განრიგი მორგებულია პროექტებზე, შესაბამისად ხშირია შემთხვევები, როდესაც გვიწევს სამუშაო საათების გაზრდა, თუმცა, როდესაც გვეძლევა საშუალება, შეგვიძლია დამატებითი სამუშაო საათების დასვენებით ანაზღაურება.
როგორ არჩევთ გუნდის ახალ წევრს?
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი გუნდის წევრს ჰქონდეს მსგავსი ღირებულებები და დამოკიდებულება საქმისადმი. როგორც წესი ვაქცევთ დიდ ყურადღებას, თუ რამდენად მომზადებული არის კანდიდატი გასაუბრებისთვის, რაც მიგვანიშნებს მის მოტივაციასა და პროფესიონალიზმზე. ჩვენი სტრატეგია, სხარტი აზროვნების და მოტივირებული კადრების შერჩევაა, რომლებიც დიდ ძალისხმევას ჩადებენ პროფესიულ განვითარებაში. ჩვენ კი არ ვიშურებთ ძალასა და ენერგიას მათი წინსვლისთვის.