გაიცანით ჩვენი მმართველი გუნდი

ზაქრო ებელაშვილი

პროექტების მენეჯერი

ჩემთვის წარმატება ჯერ კიდევ გზაა, რომელიც თვითგანვითარებასა და დიდ შრომაზე გადის. დიდი წარმატება წინასწარ გათვლილი და კარგად მოფიქრებულ წვრილმანთა ერთობლიობისგან შედგება. ვფიქრობ, წარმატებას აღწევ მაშინ, როდესაც ეძებ საჭირო პირობებს და თუ ვერ პოულობ თავად ქმნი მათ.

მოგვიყევი ცოტაოდენი შენს შესახებ:

სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა იტალიაში გავაგრძელე. ყოველთვის ვიცოდი, რომ აუცილებელი იყო ცოდნის არეალის გაფართოება ევროპის რომელიმე წამყვან ქვეყანაში, თუმცა საქართველოში დაბრუნება ჩემთვის უმთავრეს პირობას წარმოადგენდა. მიუხედავად კარგი შემოთავაზებებისა და კარიერული წინსვლის რეალური შესაძლებლობისა, სწავლის დამთავრებისთანავე საქართველოში დავბრუნდი. საკმაოდ ადრეულ ასაკში გავიაზრე საკუთარი სურვილები, რა მიზნებისთვის უნდა მიმეღწია. შესაბამისად მქონდა გეგმა, რომლითაც დღემდე ვხელმძღვანელობ.  პალერმოს უნივერსიტეტში მივიღე ეკონომიკისა და ფინანსების ანალიზის მაგისტრის ხარისხი. უნივერსიტეტში სწავლისას ვიყავი ჩართული სტუდენტურ აქტივობებში, ვორქშოპებსა და კონფერენციებში. სამაგისტრო პროგრამის პარალელურად, ვმონაწილეობდი“ ERASMUS+“-ის გაცვლით პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც ერთი სასწავლო სემესტრი გავიარე დუბროვნიკის უნივერსიტეტში. საკონსულტაციო მიმართულებით ჯერ კიდევ სტუდენტობისას დავინტერესდი. შესაბამისად, საქართველოში დაბრუნებისას  სწორედ ამ მიმართულებით დავიწყე სამსახურის ძიება. ძალიან გამიმართლა, მალევე შევიტყვე „სითიმის“ შესახებ, და მოკლე დროში შემოვუერთდი ამ არაჩვეულებრის გუნდს.

რატომ აირჩიე სითიმი?

სიმართლე გითხრათ, სხვა მსხვილი საკონსულტაციო კომპანიებიდანაც მქონდა შემოთავაზება, თუმცა, გადაწყვეტილების მიღება კომპანიის თანამშრომლებთან საერთო ხედვამ, მიზნებმა და ღირებულელებმა გამიადვილა. ასევე საინტერესო იყო მათი გამოცდილება, მივხვდი რომ სითიმის გუნდის წევრობა მომცემდა პროფესიული განვითარების  დიდ პოტენციალს. ამ გადმოსახედიდან კიდევ უფრო ვრწმუნდები, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. სითიმში მუშაობით საკმაოდ დიდი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა შევიძინე. ყოველი დღე ახლის შესწავლის შანსი და ახალი გამოწვევაა, რაც ჩემთვის ყველაზე დიდი მოტივატორია.

მოკლე დროში დიდ წარმატებას მიაღწიე „სითიმში“ რა არის შენი წარმატების საიდუმლო?

ნამდვილად საკმაოდ ბევრი რამ შევძელი ამ მოკლე დროში, დავიწყე დაბალი საფეხურიდან, ახლა კი პროექტების მენეჯერი ვარ და ერთდროულად ვმართავ რამდენიმე პროექტს. ვფიქრობ, ჩემი კოლეგების ასეთმა მხარდაჭერამ საკმაოდ დიდი როლი ითამაშა. მათგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, მუდმივად ვიღებდი უკუკავშირს, რჩევებს და რაც მთავარია არ მეშინოდა შეცდომების დაშვების, რადგან ჩვენთან „შეცდომები მოსულა“ და ყოველი შეცდომა ახალი გამოცდილებაა. საქმისადმი სიყვარულმა ასევე დიდი როლი ითამაშა ჩემს მიღწევებში, რადგან  ის საქმე , რომელიც გიყვარს ყველაზე კარგად გამოგდის!
Scroll to Top